17 ივნისი 2024,   16:46
ვრცლად
დონალდ ტრამპი დაპატიმრების მოლოდინში - დაიცავს თუ არა მას ყოფილი პრეზიდენტის იმუნიტეტი ციხისგან

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისთვის წარდგენილ მეოთხე ბრალზე სასამართლოში მისვლა 4 მარტს მოუწევს.

მანამდე მას ფულტონის ოლქის, არც თუ ისე სასიამოვნო რეპუტაციის იზოლატორში ელოდებიან, სადაც ნებაყოფლობით მისვლისთვის, კიდევ 8 დღე რჩება. ქვეყნის 45-ე პრეზიდენტს იქ მხოლოდ რამდენიმე საათის გატარება მოუწევს, განსხვავებით სხვა ბრალდებულებისგან, რომლებსაც სასამართლოს მოლოდინში წლებიც კი გაუტარებიათ.

ახალმა თარიღმა საქმე კიდევ უფრო გაართულა, რადგან 4 მარტი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების მარათონის, ე.წ. "პრაიმერიზის" წინა დღეა. "სუპერ სამშაბათს" - როგორც მას ამერიკელები ეძახიან, რესპუბლიკელი ამომრჩეველი საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ვისი სახე გამოჩნდება პარტიის ბილბორდებზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ტრამპი, როგორც კანდიდატი, სხვებთან შედარებით მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა სასამართლო პროცესები მასთან ერთად მთელი პარტიის თავისტკივილი ხდება. პარტიულ წრეებში ტრამპის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ერთ კითხვას სვამენ - რამდენად სწორი იქნება ფსონის ბრალდებულ კანდიდატზე გაკეთება.

პროკურორ ფანი უილისს ტრამპის გარდა კიდევ 18 პირის დანაშაულზე აქვს სამუშაო, რომლებიც მისივე შედგენილი ბრალდების მიხედვით, პრეზიდენტს ჯორჯიის შტატის შედეგების გაუქმებაში ეხმარებოდნენ. სამართლის ექსპერტები უშვებენ, რომ 18 პირს შორის აუცილებლად მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც სასამართლოსთან ითანამშრომლებენ. თუმცა ამასთან სკეპტიკურად უყურებენ პერსპექტივას, რომ ფულტონის პროკურატურა ამ რაოდენობის ბრალდებულზე მასალებს დაპირებულ 6 თვეში სრულყოფილ მოამზადებს. განიხილება ტრამპის თეორიული შეწყალების შესაძლებლობებიც.

დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატის გარდა, 3 ბრალი ნიუ-იორკში, ფლორიდასა და ვაშინგტონში აქვს წარდგენილი. ის ყველა ამ სასამართლოში სტანდარტულ პროცედურას გადიოდა, თუმცა ხელბორკილები მისთვის არსად დაუდიათ და არც ფოტო გადაუღიათ - რადგან მიმალვის საშიშროებას ვერ ხედავდნენ. ფულტონშიც იგივე მიდგომაა ნავარაუდები, ტრამპი საკუთარ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ გეგმებზე ორშაბათს ისაუბრებს.

დღის ამბები