17 ივნისი 2024,   17:55
ვრცლად
ომის 540-ე დღეს ფრონტზე აზოვის ბრიგადა ბრუნდება - მარიუპოლის დაცვის, ხანგრძლივი ტყვეობისა და რეაბილიტაციის შემდეგ აზოველები აღმოსავლეთის ფრონტზე გადაისროლეს

ომის 540-ე დღეს ფრონტზე აზოვის ლეგენდარული ბრიგადა ბრუნდება. მარიუპოლის დაცვის, ხანგრძლივი ტყვეობისა და რეაბილიტაციის შემდეგ აზოველები აღმოსავლეთის ფრონტზე გადაისროლეს.

უკრაინული არმია ახლა ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით საოკუპაციო ძალის დაცვის ხაზის გარღვევას ცდილობს, თუმცა კონტრიერიშში ტემპი ისეთი არაა როგორი მოლოდინიც კიევის დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ.

მიუხედავად შენელებული იერიშისა, უკრაინა საკუთარ განზრახვაზე ხელის აღებას არ აპირებს, კიევი საბრძოლო დრონების წარმოებას აორმაგებს რათა ჯარში დანაკარგები შეამციროს და რუსულ არმიას დარტყმები სიღრმეში მიაყენოს.

საკუთარი საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერების გარდა უკრაინელები რუსული არმიის საფრენ აპარატებსაც აქტიურად აგდებენ, საოკუპაციო ძალამ ფრონტის ხაზზე მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ორი, 32 მილიონი დოლარის ღირებულების ვერტმფრენი დაკარგა. ომის პარალელურად კიევი მარცვლელულის ტრანსპორტირების ალტერნატიულ მარშრუტებსაც ტესტავს, გუშინ ოდესის პორტი ხორბლით დატვირთულმა გემმა დატოვა და რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხოდ შევიდა. უკრაინას იმედი აქვს რომ გაეროს მხარდაჭერით შექმნილ ახალ საზღვაო კორიდორს რუსული სამხედრო გემების მხრიდან საფრთხე არ დაემუქრება.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დონეცკის ოლქში - ომის დაწყებიდან 540-ე დღეს ერთმორწმუნე რუსეთის სამიზნე ისევ ტაძარი გახდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ ეკლესიაში წირვა არ მიმდინარეობდა.

დონეცკისგან განსხვავებით, რუსული ბომბები ფატალური აღმოჩნდა ხერსონში, სადაც თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათამდე კი დაშავდა. საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. დაიღუპა 18 წლის ახალგაზრდა, 6 მოქალაქე კი დაიჭრა, მათ შორის 2 წლის ბავშვი.

დნეპროპეტროვსკის ოლქი საბედისწერო აღმოჩნდა რუსეთის არმიისთვისაც. აქ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 16 მლნ დოლარის ღირებულების რუსული ვერტმფრენი Ка-52, ე.წ. ალიგატორი ჩამოაგდეს. კიდევ ერთი Ка-52 მოსკოვმა დღეს ბახმუტის მისადგომებთან დატოვა, სადაც უკრაინელმა დამცველებმა ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით გაანადგურეს.

ფრონტზე ისევ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებია, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 20 სამხედრო შეტაკება მოხდა. პარალელურად უკრაინის გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ დონეცკსა და ზაპოროჟიეში უკრაინის არმიამ ისევ წინ წაიწია.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 8 სარაკეტო და 82 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ოდესის პორტებზე. რასაც ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიო სასურსათო ფასებზე თავდასხმად აფასებს.

ბრძოლა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად გრძელდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებას 15 ნოემბრამდე ითვალისწინებს.

დღის ამბები