17 ივნისი 2024,   15:57
ვრცლად
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს რამდენიმე დღეში კვლავ ფორმალურად დააპატიმრებენ - დონალდ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს რამდენიმე დღეში კვლავ ფორმალურად დააპატიმრებენ, თითის ანაბეჭდებს აუღებენ, სავარაუდოდ ფოტოებს გადაუღებენ და 200 ათას დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. ფულტონის ოლქის მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ ტრამპის ადვოკატებსა და საოლქო პროკურორს შორის შეთანხმება უძღოდა. ყოფილ პრეზიდენტს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისთვის გარკვეული პირობების შესრულებაც მოუწევს. დონალდ ტრამპს აეკრძალება მოწმეებისა და თანამზრახველების დაშინება, მათ შორის ამის გაკეთება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების საშუალებით.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ფულტონის ოლქის ციხეში 24 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. ჯორჯიის შტატში ტრამპის და კიდევ 18 პირის წინააღმდეგ საქმე 2020 წლის არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობაზეა აღძრული. ამჟამად შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე მიმდინარეობს, დონალდ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებს, ჯორჯიის შტატში ზეგ ჩაბარდება. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ტრამპის კონკურენტები რესპუბლიკური პარტიიდან, ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუაკიში დებატებზე შეიკრიბებიან. ტრამპმა თქვა, რომ ხუთშაბათს ის რადიკალმა და ულტრამემარცხენე ოლქის პროკურორმა უნდა დააპატიმროს.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი არაერთი მუხლით აქვს წაყენებული. მათ შორის არის შეერთებული შტატების მოსატყუებლად სიცრუის, თაღლითობის და არაკეთილსინდისიერი გზის გამოყენება. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლის და სერტიფიცირების პროცესისთვის ხელის შეშლა. შეთქმულება, 6 იანვრის კონგრესის სხდომის ჩაშლის მიზნით. ტრამპთან ერთად 18 ბრალდებულია. მათ შორის რუდი ჯულიანი, რომელსაც არჩევნების შედეგების კოორდინირებულ დივერსიას ედავებიან. ადმინისტრაციული პროცედურები, მათ შორის ანაბეჭდების აღება, ატლანტაში, ფულტონის საგრაფოს ციხეში უნდა მოხდეს. პროკურორმა, ნებაყოფლობით ჩაბარების ბოლო ვადად ბრალდებულებს 25 აგვისტო განუსაზღვრა.

ტრამპს, როგორც მოსალოდნელია, 200 000 დოლარიან გირაოს შეუფარდებენ. ასევე მას აეკრძალება მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა. პროკურორები პროცესის დაწყებას 2024 წლის 4 აპრილს ითხოვენ. ტრამპის ადვოკატებს კი საქმის განხილვის გადატანა 2026 წლისთვის სურთ. დონალდ ტრამპი ამ დროისთვის, ყველაზე რეალური საპრეზიდენტო კანდიდატია და პარტიაში კონკურენტებს უსწრებს. თუმცა წაყენებული ბრალდებები, მის რეიტინგზე მაინც უარყოფით გავლენას ახდენს.

დღის ამბები