17 ივნისი 2024,   16:39
ვრცლად
მედდა, რომელიც ახალშობილებს კლავდა - დიდი ბრიტანეთში 33 წლის ქალს სამუდამო პატიმრობა 7 ჩვილის მკვლელობისთვის მიუსაჯეს

მედდა, რომელიც ახალშობილებს კლავდა - ბრიტანეთის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მკაცრი განაჩენი მიღებულია. სამუდამო პატიმრობა 7 ახალშობილის მკვლელობისა და 6 ჩვილის მკვლელობის მცდელობისთვის - ასეთია მანჩესტერის სასამართლოს გადაწყვეტილება. 33 წლის მედდას, ლუსი ლეტბის არც ვადაზე ადრე გათავისუფლების და არც შეწყალებაზე განაცხადის შეტანის უფლება არ ექნება. მედდამ განაჩენის გამოცხადების დროს სასამართლოს დარბაზში ყოფნაზე უარი თქვა.

სასამართლოს გადაწყვეტილება უმკაცრესია, თუმცა მოკლული ახალშობილების მშობლებისთვის საკმარისი არ არის. მშობლებს კითხვები აქვთ და პასუხებს ელიან.

კითხვები აქვთ ექიმებსაც რომლებმაც, პირველებმა გამოთქვეს ვარაუდი რომ 12 თვის განმავლობაში 7 ბავშვის საეჭვო სიკვდილში დამნაშავე, შესაძლოა მათი კოლეგა ლუსი ლეტბი ყოფილიყო. ჩვილების სერიულმა მკვლელმა ეს სისასტიკე 2015-2016 წლებში ჩაიდინა. მედდას პატარების ორგანიზმში, კონკრეტულად სისხლსა და კუჭში ჰაერი შეჰყავდა, ზედმეტი საკვებით კვებავდა, ინსულინით წამლავდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა. სიკვდილს გადარჩენილ პატარებს კი ტვინის მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

ექიმების განცხადებების მიუხედავად, 2018 წელს ლეტბი ჯერ კიდევ არ იყო დაკავებული და კვლავ მუშაობდა საავადმყოფოში. იქამდე სანამ ერთ-ერთმა ექიმმა ბავშვის სამედიცინო ისტორიაში ინსულინის სახიფათო დონის შესახებ ცნობა არ აღმოაჩინა. ექიმი მიხვდა რომ ინსულინი ბავშვის ორგანიზმის მიერ ბუნებრივად არ იყო გამომუშავებული და ის პატარას ხელოვნურად შეუყვანეს.

ლუსი ლეტბი 2018 წლის ივლისში სახლიდან ხელბორკილებით გაიყვანეს. ახალშობილთა მედდა, თავდაპირველად გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დააკავეს და საბოლოოდ ბრალი 2020 წლის ნოემბერში წარუდგინეს. საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ, სადაც მკვლელობები მოხდა, მედდის მიმართ წაყენებული ბრალდებები დროულად არ გამოიძია. ჩესტერის საავადმყოფოს მენეჯმენტი კითხვებს არ პასუხობს.

სიკვდილის თითოეულ შემთხვევაზე ექთანს თავისი ვერსიები ჰქონდა. გამოძიებით დგინდება, რომ მედდა ჩვილების გარდაცვალების შემდეგ კოლეგებსა და ახალშობილის ოჯახის წევრებს სხვადასხვა მიზეზს ეუბნებოდა. სამართალდამცველები გეგმავენ ყველა იმ ახალშობილის ისტორია გამოიკვლიონ, ვინც იმ პერიოდში სერიული მკვლელის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასეთი კი სულ 4000 ახალშობილის ისტორიაა.

"ექთანი, რომელსაც ჰყავდა კარგი მეგობრები, ოჯახი და ცხოვრობდა როგორც ყველა ნორმალური ადამიანი" - ასე ახასიათებენ დეტექტივები სერიულ მკვლელს. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ყველასთვის ძნელი წარმოსადგენი იყო ლუსი ლეტბის ტიპის ადამიანს მსგავსი მასშტაბის დანაშაული ჩაედინა.

პოლიციამ გამოძიების დროს, ლეტბის სახლის ჩხრეკისას იპოვა ჩანაწერები, სადაც აღნიშნული იყო ახალშობილი ბავშვების მოკვლის თარიღები და წარწერა, სადაც ის დანაშაულთა სერიას აღიარებს.

რატომ კლავდა 33 წლის მედდა ახალშობილებს დაუნდობლად, მოტივი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ რომ ჩვილების სერიული მკვლელი მედდა ფსიქოპათი იყო. ლეტბი დიდი ბრიტანეთის სასამართლო ისტორიაში მეოთხე ქალია, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იმ სამი პატიმრიდანაც ერთი, მაირა ჰინდი 5 ბავშვის მკვლელობისთვისაა გასამართლებული.

დღის ამბები