17 ივნისი 2024,   18:09
ვრცლად
ვითარება ბელარუსის საზღვრებთან - აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ

საფრთხის უმაღლესი, მე-4 დონე ბელარუსს შტატებმა მიანიჭა - როგორც ერთ-ერთ ყველაზე სარისკო ქვეყანას ამერიკელი მოგზაურებისთვის. “დაუყოვნებლივ დატოვეთ ბელარუსი და თავი შეიკავეთ იქ მოგზაურობისგან” - აფრთხილებს სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა ამერიკელს და თან ახსენებს, რომ თუ საგარეო უწყების მოწოდებებს არ გაითვალისწინებენ, სანქცირებული ქვეყნიდან მათ გამოსაყვანად ვაშინგტონს ლავირება გაუჭირდება.

აშშ-ის გადაწყვეტილებას წინ მისი პარტნიორების ნაბიჯები უძღოდა აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლითაც ბელარუსის მეზობლებმა, მასთან არსებული საზღვრების ნაწილი გეოპოლიტიკური მოტივებით ჩაკეტეს. სულ ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება გასულ კვირას ლიეტუვამ მიიღო, 6-დან 2 გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით. ეს კი მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ ვაგნერი საკუთარ მიწაზე მიიღო და მსოფლიოში აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციას შეიარაღებული ძალების გაწვრთნა დაავალა.

ლიეტუვამდე კი იყო ლატვია. ვაგნერიც რომ არა, ამ ქვეყნის ხელისუფლებას საკმარისი მიზეზი დაუგროვდა იმისათვის, რომ მოსკოვის მოკავშირე მინსკისგან ყველანაირი საფრთხე განიხილოს. ამ მხრივ საგულისხმო გასული 2 წელი იყო, როდესაც ლუკაშენკომ მის მეზობელ ევროკავშირის წევ სახელმწიფოებთან - ახლო აღმოსავლეთიდან გამოქცეული მიგრანტების ხელოვნური კრიზისი შექმნა, ამას კი ესკალაციაც მოჰყვა.

სულ პირველმა კი განგაშის სიგნალი პოლონეთმა ჩართო. მას შემდეგ, რაც მოსაზღვრე ბელარუსულ ქალაქ გროდნოში ვაგნერელების ასამდე მებრძოლი გამოჩნდა, ვარშავამ ზომები მიიღო. ხელისუფლება რამდენიმე საფრთხეს განიხილავს: 1. თუ როგორ ასაღებენ თავს ვაგნერელები ბელარუსელ მესაზღვრეებად და პოლონეთის დესტაბილიზაციის მიზნით ქვეყანაში იჭრებიან. ან 2. თუ როგორ ახალისებს მინსკი არალეგალ მიგრანტებს პოლონეთის საზღვართან მოსახვედრად. სწორედ ამ დაშვებების გამო, ვარშავამ საზღვართან დამატებითი მესაზღვრეების გადატყორცნის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლონეთს ბელარუსთან ახლა მხოლოდ 1 , ლატვიას კი 2 გამშვები პუნქტი რჩება ღია. თავად ვაგნერის ლიდერი კი დონის როსტოვში დაწყებული და იმ დღესვე დამთავრებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა. ვიდეოში მებრძოლებთან ერთად პოზირებს და ირწმუნებოდა, რომ მისი სამომავლო გეგმები ამ ეტაპზე აფრიკას უკავშირდება.

მოსკოვის ხელდასმით მინსკიდან მომავალი საფრთხის შეგრძნება მეზობლებს არ ტოვებთ. სწორედ ამიტომ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ამავდროულად ბელარუსის მეზობელი სახელმწიფოები საზღვრებზე კონტროლს აძლიერებენ, ვიდრე რუსეთისა და ბელარუსის სადავეები ევროპის ბოლო დიქტატორების ხელში რჩება.

დღის ამბები