პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფ "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა და პრაქტიკულად, ქართულ საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახია, რისი რეაგირების გარეშე დატოვებაც კონსტიტუციის შეურაცხყოფა იქნებოდა.
მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ პრეზიდენტმა არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და იქამდე არ გაჩერდა, სანამ იმპიჩმენტის პროცესი არ დაიწყო მის წინააღმდეგ.
"ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტმა, ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და ბოლოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა, მათ შორის, ევროპული ვიზიტების მომიზეზებით. იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი და ეს სამწუხარო რეალობაა. საქართველოს პრეზიდენტმა იმდენი შეძლო, რომ იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა მიიღო. მან იმდენად აშკარად დაარღვია კონსტიტუცია, რომ პრაქტიკულად, საქართველოს საზოგადოებისთვის კონსტიტუციის თავზე გადახევა გამოუვიდა და ამაზე არ რეაგირება, თავად კონსტიტუციის შეურაცხყოფა იქნებოდა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.