მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და იმპიჩმენტის პროცეუდრის დაწყების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის მთავარი კანონის დაცვით ხსნის.
პროცედურის მიხედვით, უახლოეს დღეებში პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, რისთვისაც 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის დარღვევას ამ შემთხვევაში ვერანაირი გამამართლებელი საფუძველი ვერ მოეძებნება და მისივე თქმით, ყველამ უნდა დააფიქსიროს სალომე ზურაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოლიტიკური პოზიცია.
"კონსტიტუციის დარღვევას ამ შემთხვევაში ვერანაირი გამამართლებელი საფუძველი ვერ მოეძებნება. საუბარი იმაზე, რომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვით იქნა კონსტიტუცია დარღვეული, ესეც კონსტიტუციის საწინააღმდეგო გაგებაა, რადგანაც 78-ე მუხლში საუბარია იმაზე, რომ ყველა ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი საქართველოს პრეზიდენტი ზრუნავს ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, მას უნდა მიეღო თანხმობა და მხოლოდ ამის შემდგომ ემოქმედა. ღიად რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ ყველა ვისმენთ ამას, ის ამბობს, რომ შეცდომა არ იყო, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა და დახურულ კარს მიღმა ხომ წარმოგიდგენიათ რა მძიმე საუბარი ექნება ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
სააშკარაოზეა გამოტანილი, არავითარი სივრცე ინტერპრეტაციის არ დგას და ვერ დადგება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, ალბათ ყველაზე მარტივად გადასაწყვეტი სამართლებრივი საკითხი იქნება. კანონმდებლობის დაცვით მივიყვანთ ამ საკითხს ბოლომდე, იქ უკვე გამოიკვეთება ვინ რა პოზიციას იკავებს, ყველამ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია უნდა დააფიქსიროს და ეს დარჩება ისტორიას - ვინ დგას საქართველოს კონსტიტუციის მხარეს, ვინ ახალისებს კონსტიტუციის დარღვევას და ვინ არის მომხრე რომ ფეხქვეშ იყოს გათელილი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.