15 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"ველოდები საპენსიო ფონდის წარმომადგენლების მოსვლას პარლამენტში და კანონის განხილვას, იმიტომ, რომ უამრავი კითხვა დაგროვდა" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. შესაბამისი პროექტის განხილვას დეპუტატები ორშაბათს, ჯანდაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით განაახლებენ. საბოლოო სახეს კი კანონპროექტი სექტემბერში მიიღებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებებია. ნაწილი ამბობს, რომ პროექტს მხარს არ დაუჭერს, ნაწილი კი საკომიტეტო განხილვას ელოდება. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ საკომიტეტო განხილვა ყველაზე ოპტიმალური სივრცეა.

"ყველაზე მეტად ველოდები საპენსიო ფონდის წარმომადგენლების მოსვლას პარლამენტში და კანონის განხილვას, იმიტომ, რომ უამრავი კითხვა დაგროვდა, საერთოდ რას აკეთებდა საპენსიო ფონდი ამ პერიოდში, რა განცხადებებს აკეთებდნენ და ძალიან მაინტერესებს მათი განმარტებები," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ასეთ თემებთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციებს მართავენ. 

"ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვმოქმედებთ ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. პენსიის საკითხი ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პენსიონერების ინტერესები არ დაზიანდეს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები