პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაუჯერებელია პრეზიდენტის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვიზიტებს ევროპაში კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ახორციელებს.
ამის მაგალითად კი, მდინარაძეს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები მოჰყვას და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა სწორი იყო.
"გუშინ მთელი დღის განმავლობაში, ქართული რადიკალური ოპოზიცია, როგორც ჩანს დავალების შესაბამისად, ერთხმად ახმოვანებდა საერთო მესიჯს, რომელიც ტყუილ ნარატივზე იყო აგებული. მათ სცადეს, რომ მაკიაველისთვის მოეხმოთ და ეთქვათ, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ორივე მიმართულება - ჯერ მიზანში არ არის არავინ დარწმუნებული, პრეზიდენტმა თქვა, რომ სწორი იყო კანდიდატის სტატუსის არ მიცემა, ეს მტკიცებულება არსებობს და მან წელსაც თქვა, რომ რეკომენდაციები ფორმალურად სრულდება - ანუ წელსაც არ იმსახურებს საქართველო სტატუსს. ამ ფრაზების ავტორი კი ამბობს, რომ ის მიდის ევროპაში კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერად, რაც დაუჯერებელია.
მიზანი არის სინამდვილეში ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული და საშუალებად არაფერში შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. შესაბამისად, არც მიზანია სწორი და საშუალებაც არის უკიდურესად დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე რომ ეს საშუალება პრეზიდენტისთვის აღმოჩნდა კონსტიტუციის პირდაპირი და უხეში დარღვევა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უარის მიუხედავად, ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს განაგრძობს. "ქართული ოცნება" კი, მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.