თბილისში მიმდინარე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც მაკკეინისა და ბუშის ინსტიტუტების მიერ არის ორგანიზებულ, შეფასებები გააკეთა მმართველ გუნდში. კონფერენციას "ქართული ოცნება" არ ესწრება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვის მიზანი, უმეტესად, პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაა.
"ამ კონფერენციის მონაწილეების უდიდესი უმრავლესობა, როგორც ამ დრომდე უკვე გაშუქდა, როგორც ჩანს, ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგარი ადამიანებისგან შედგება," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ძალების წრამომადგენლების მოსაზრებებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, უმრავლესობას არაფერი ესაქმება ისეთ კონფერენციებზე, სადაც რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ.
"ჩვენ და ქართული საზოგადოება ვემზადებით დემოკრატიული არჩევნებისთვის 2024 წელს. რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ემზადებიან რევოლუციისთვის, გაყალბებისთვის, რადიკალური პროცესებისთვის. ბუნებრივია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას იმ ე.წ. კონფერენციაზე, სადაც ტყუილებზე აგებული რადიკალური პროცესები იქნება და რევოლუციური სცენარები, არაფერი ესაქმება.
მთავარი არის ის, რომ დღის წესრიგი არის საქართველოსთვის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რაც დარწმუნებული ვარ, მოხდება. "კარგი" ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები, ე.წ. კონფერენციების სახით პირდაპირ და აშკარა შეტევაზე გადადიან სახელმწიფოს წინააღმდეგ და საზოგადოება ამას ხედავს," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.