ძალადობა მიუღებელია და მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ძალადობაზე იყოს რეაგირება, "ნაციონალური მოძრაობა" კი ძალადობას ახალისებს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ძალადობას საზოგადოება ხედავს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. მაგალითად შალვა პაპუაშვილს 7-8 მარტის მოვლენები მოჰყავს. მისივე თქმით, ჩამოყალიბდა გარკვეული კასტა აქტივისტებისა, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერ ძალადობაზე და ამას რაღაც მიზნებით ამართლებენ.
"ძალადობა მიუღებელია და თუკი ძალადობას აქვს ადგილი, ყოველთვის დასჯილი უნდა იყოს შესაბამისად, ამას ვსაუბრობთ ყოველთვის. "ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ სწორედ ძალადობის წამახალისებელი ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიმუშავა ქართველ ხალხზე ძალადობის რეპრესიული სახელმწიფო მანქანა, ხოლო ოპოზიციიდან ისინი ქართველ ხალხზე უკვე ძალადობენ ამ სახელმწიფო მანქანის გარეშე. თუნდაც რომ გავიხსენოთ 7-8 მარტის მოვლენები, ადამიანს ცეცხლს უკიდებდნენ და ამას ამართლებდნენ შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ის ხალხი, ვინც დღემდე ამართლებს ამ მოვლენებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.