დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება. რამდენიმე საათში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც, კანონმდებლები საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ამ ეტაპზე საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა. თუმცა შემდეგ, იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად, უკვე 100 კანონმდებლის ხმაა აუცილებელი.
როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, თუ მათ პრეზიდენტთან კონსულტაციები ექნებათ, პირველ რიგში, მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.
"იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელების დროს, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდეთ კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან. ეს ჰიპოთეტური მსჯელობაა, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ჯერ არავის არ აქვს მიღებული. ყოველ ჯერზე, როდესაც გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან, გაჟღერდება "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოთხოვნა - დღეს ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. ამ მოცემულობით კი ევროკავშირში გაწევრიანება წარმოუდგენელია, ამიტომ პრეზიდენტმა უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" საბოლოო ჯამში არანაირი ხმები არ ეყოფა, თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ გადაწყვეტს იმპიჩმენტის მხარდაჭერას.
ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს ამ ეტაპზე პრეზიდენტის იმპოჩმენტს, არის ფრიდონ ინჯიას პოლიტიკური გუნდი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტებ" თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადებით კი, თუ იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ისინი სალომე ზურაბიშვილის გადადგომას მხარს დაუჭერენ. ინჯია ასევე აცხადებს, რომ რადგან სალომე ზურაბიშვილმა თვითონ დაარღვია კონსტიტუცია, მისი აზრით ვალდებულია პრეზიდენტი თანამდებობა თავად დატოვოს.