პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში ბიუროზე გადის "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, შოვის სტიქიის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
წინასწარ ცნობილია, რომ ამ საკითხზე ოპოზიციური ერთობა არ არსებობს, ამ მიზეზით კი "ნაციონალური მოძრაობა" მიმდინარე კვირას არა საკითხის კენჭისყრას, არამედ შინაარსობრივ განხილვას ითხოვს.
როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, მიზანია შედგეს ღია, საჯარო დისკუსია პარლამენტში.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს პირველივე სასესიო კვირაში. ჩვენი თვითმიზანი ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, რომ მოვახდინოთ კენჭისყრის პროცედურის ფორსირება, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა პროცედურული ხრიკებით და საპროცედურო ომით, როგორ ხელის გადაგრეხვით იგებს პროცედურულ ომს რუსული ოცნება. მაგრამ, ჩვენი მიზანი ნამდვილად არის რომ შედეგს ღია, საჯარო დისკუსია პარლამენტში. ამიტომ, ჩვენ ამ კვირაშივე ბიუროს სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხის განხილვას," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შოვის სტიქიის საკითხთან დაკავშირებით კითხვები სახელმწიფო უწყებებს გაეგზავნა, თუმცა არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღიათ.
"ეს შეკითხვები გაეგზავნა პრემიერ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, უსაფრთხოების საბჭოს, გარემოს დაცვით უწყებებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. კითხვები მიემართებოდა კრიზისის პრევენციის და კრიზისის მართვის საკვანძო საკითხებს. მათ შორის, 3-4 აგვისტოს ღამით მიმდინარე თუ ჩასატარებელ სამძებრო სამუშაოებს. ასევე, ცხადია, მიემართებოდა იმ საკითხებს, რა სამუშაოები იყო გაწეული პრევენციის სისტემისთვის, შეტყობინების სისტემის დანერგვისთვის და რასაკვირველია, რეაგირების ნაწილში. მაგრამ, 45-დან არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ სახელმწიფო უწყებებს," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ადამიანების სიცოცხლე არასდროს გახდება მათთვის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.
"ჩვენ ამ უმძიმესი ტრაგედიის პირველივე დღიდან ვთქვით, რომ ადამიანების სიცოცხლე ვერასდროს გახდება ჩვენთვის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ჩვენი ერთადერთი ინტერესი ცხადია არის სიმართლის დადგენა, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და მომავალში მსგავსი უბედურების თავიდან აცილება. ჩვენ მივმართეთ არა ერთი კითხვით ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ შეეცვალა გამოძიების მიმართულება და სწორი მიმართულებით წაეყვანა გამოძიება," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
ავტორი: ანუკა ბუავა