"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, შოვის სტიქიის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება დაუშვებელია. მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს საშუალება, ინტერპელაციის ფარგლებში დაუსვან შეკითხვები შინაგან საქმეთა მინისტრს და პასუხები მიიღონ.
"საგამოძიებო კომისია არის კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობა. კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს, რომ დაიბარონ ის ანგარიშვალდებული სტრუქტურები საქართველოში და ინტერპელაციის წესით გასცემენ ყველა პასუხს. საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევს, ჩემთვის გაუგებარია, გარდა იმისა, რომ ამით იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რომ შეიძლება შექმნან მედია აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო. რაც, არის ყველაზე არა ღირსეული საქციელი იმ ტრაგედიის ფონზე, რაც შოვში ვნახეთ," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
განცხადება გააკეთა პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციას საშემოდგომო სესიისთვის დღის წესრიგში საკითხები არ აქვს და მათი მთავარი პრობლემა ესაა.
"მოცემულობა უკვე შექმნილია, რადგან ოპოზიციას არ აქვს დღის წესრიგში საკითხები. ეს არის ნომერ პირველი პრობლემა მაგათთვის. საშემოდგომო სესია იწყება, ჩვენ გვაქვს რაღაც საკითხების დაინიცირებული, დასაინიცირებელი და ოპოზიციას არაფერი არ აქვს. დღის წესრიგში საკითხები არ აქვთ საერთოდ. ამიტომ, სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული მოვლენებიც კი არის ისეთი, რომელსაც იყენებენ, მათ შორის ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, არის ერთ-ერთი მანიშნებელი იმის, რომ მათ დღის წესრიგში საკითხი არ აქვთ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ავტორი: ანუკა ბუავა