თბილისში მიმდინარე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დღეს სრულდება. კონფერენციას მაკ კეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ. მასში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დღევანდელი პანელი უკრაინაში მიმდინარე ომს და უსაფრთხოების გამოწვევებს ეთმობა, თუმცა საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებსაც.
"ქართული ოცნების" გუნდი კონფერენციას არ ესწრება. შეფასებებს აკეთებს ოპოზიცია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის 90% მხარს უკრაინას უჭერს, ხოლო ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებს.
"არანაირი მხარდაჭერა არა აქვთ და უფლება არ აქვთ თავისი თავი ქართველ ხალხს გაუტოლონ. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას, ხოლო ეს რეჟიმი, ეს პუტინისტები, ამის ყველაფერ საპირისპიროს აკეთებენ," - განაცხადა ენმ-ს წევრმა გიორგი ბარამიძემ.
პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, შანსი იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს, ძალიან დაბალია.
"მე მგონი, ეს ყველაფერი არის უაზრო ბელეტრისტიკა გათვლილი საკუთარი მხარდამჭერების ნაწილზე. თუ სტატუსი მოგვენიჭება, იქნება დამსახურება იმისი, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ, ხალხმა, 30 წელზე მეტია ვიბრძოლეთ დასავლეთისთვის და ვაგრძელებთ ამ ბრძოლას; იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც ვიომეთ რუსეთის წინააღმდეგ და მხოლოდ შემდეგ იყო უკრაინა, იმის გამო, რომ არსებობს გარკვეული გეოპოლიტიკური მოსაზრებები, რის გამოც მათ შეიძლება მიიღონ ეს გადაწყვეტილება. მე პირადად მგონია, რომ ამის ალბათობა არის ძალიან, ძალიან დაბალი," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.