15 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
როდესაც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის სხვა ქვეყანაში, ეს არის კონსტიტუციის უხეში, უპირობო დარღვევა და ის ითვალისწინებს იმპიჩმენტის წესის აღძვრას - მამუკა მდინარაძე 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის სხვა ქვეყანაში, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ის ითვალისწინებს იმპიჩმენტის წესის აღძვრას.

მისივე თქმით, როგორც შარშანდელი, ისე წლევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

"შარშან საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნდა და მან ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ სწორად არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი. ეს მისი სიტყვებია, რომ ეს იყო გაფრთხილება ევროპის მხრიდან, ესეც მისი სიტყვებია. ანუ, საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ეს მისი აზრია ამ სიტყვებიდან გამომდინარე.

წელს მან საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო კვლავ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვინაიდან მისი თქმით, ჩვენ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს. იმ რეკომენდაციებზეა საუბარი, ზოგიერთ ოპოზიციონერ პარლამენტარს ღირებულებები რომ ჰგონია.

პრეზიდენტს, როგორც შარშანდელი, ისე წლევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ გზავნილის გამხმოვანებელი პრეზიდენტი რატომ არ გაუშვა საქართველოს მთავრობამ ან რატომ არ მიანიჭა თავისი უფლებამოსილება?! მგონია, რომ კითხვები არ არსებობს.

როდესაც ჟურნალისტები, პოლიტიკოსები სვამენ შეკითხვას, პრეზიდენტს რატომ არ გადასცა მთავრობამ თავისი უფლებამოსილება, იმ პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ არ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, არც შარშან და არც წელს, მგონი მარტივი ამბავია. ყველაფერი, ამ ფაქტების მიღმა, არის სპეკულაცია და საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედება და საბოტაჟი.

რაც შეეხება ფორმალურ სამართლებრივ მხარეს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ეს ასეც რომ არ იყოს, როდესაც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის სხვა ქვეყანაში, ეს არის კონსტიტუციის უხეში, უპირობო დარღვევა და ის ითვალისწინებს იმპიჩმენტის წესის აღძვრას. ეს გავაკეთეთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები