"ნაციონალური მოძრაობა" შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ამის შესახებ განცხადებები დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაკეთდა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, ბუნებრივი კატასტროფები და გარემო, პოლიტიკისგან ძალიან შორის არის და ამ ორი თემის დაკავშირება არალოგიკურია:
"როდესაც ვამბობთ, რომ რაიმე არ გაკეთდა, ან რამეს ვინმე უფრო სწრაფად გააკეთებდა, მენდეთ, რომ ეს არის გამორიცხული. უნდა გავიაზროთ, რომ ბუნებრივი კატასტროფები და გარემო პოლიტიკისგან ძალიან შორის არის," - აცხადებს ბითაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, შოვის სტიქიის საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი შექმნას საგამოძიებო კომისია.
"შოვი არ მიეცემა დავიწყებას, ის ადამიანები, რომლებიც შეიწირა არა სტიქიამ, არამედ თქვენმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, ეს საკითხი ვერ ჩამოვა დღის წესრიგიდან, დუმილი არის დანაშაულის დაფარვის ძალიან ღია მცდელობა და არ გაგივათ ამ საკითხის გადაგორება,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი, საგამოძიებო კომისიის შექმნის 3 მთავარ მიზანზე საუბრობს:
"სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ ის, რომ ქვეყენაში ადამიანი არ არის დაცული, ალბათ გაცილებით მძიმე იყო "ქართული ოცნების" ის სახე, რაც ჩვენ დავინახეთ. რა გულმა გაგიძლოთ, როდესაც პირველ ღამეს საერთოდ შეაჩერეთ სამაშველო ოპერაციები და მიატოვეთ ადამიანები ამ მძიმე გასაჭირში. საგამოძიებო კომისიას აქვს სამი მიზანი - სად შეიძლებოდა პრევენცია და რა არ გაკეთდა, როგორ იმართებოდა სამაშველო ოპერაცია და ასევე ყველაზე მთავარი - ხვალ და ზეგ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ისე სისტემა, რომ მოქალაქეები დაცულები იყვნენ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავას განცხადებით კი, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნით სიმართლის დადგენა და დანაშაულის გამოძიება სურს.