"არის ძალიან დიდი გამოწვევები და ამ გამოწვევების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ საკუთარ დღის წესრიგში რადიკალიზმი შემოიტანოს", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, ხდება პირდაპირი იერიშის მიტანა იმ შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა იქნეს მიღებული რამდენიმე თვეში.
"ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნის წინაშე და ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს გავდივართ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ რომ რეალურად არის ძალიან დიდი გამოწვევები და ამ გამოწვევების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ საკუთარ დღის წესრიგში რადიკალიზმი შემოიტანოს. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ხდება პირდაპირი იერიშის მიტანა იმ შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა იქნეს მიღებული რამდენიმე თვეში. ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც ამასწინათ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზუსტად შეაფასა, არავის არაფერი გაუკეთებია ოპოზიციის მხრიდან, იმისათვის რომ ეს კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, ევროპული ინტეგრაცია უფრო გაღრმავებულიყო გარდა ხელისუფლებისა. ეს არის ობიექტური რეალურობა. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ლოდად არის გამობმული რადიკალური ოპოზიცია ამ ინტეგრაციის პროცესზე," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.