საქართველოს პროგრესის შესაფასებლად, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი თბილისში ჩამოდის. ჯოზეფ ბორელს მაღალი დონის შეხვედრებზე, ქართული მხარე, იმ რეფორმებს გააცნობს, რომელიც ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში განახორციელა. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს კომისართან ყურადღება გამახვილდება იმ მოლოდინებზეც, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით გააჩნია.
ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტი 7 სექტემბერს დაიწყება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის დეპუტატებთან გამართავს. მათ შორის, ოპოზიციასთან, რომელიც აუდიენციაზე ყურადღების გამახვილებას 12 რეკომენდაციის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე აპირებს.
ხელისუფლების ოპონენტები, ევროინტეგრაციის გზაზე, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებენ, თუმცა, ამის პარალელურად, იმასაც ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირიდან ეს, შუალედურ ანგარიშამდე, ბოლო გაფრთხილება იქნება.
ოპოზიციის მსგავსს პოზიციონირებას სახელისუფლებო გუნდი ევროინტეგრაციის პროცესის საზიანოს უწოდებს. მმართველ პარტიაში დღეს თქვეს, რომ შეხვედრებზე ჯოზეფ ბორელთან ისინი კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის პოლიტიკურ ასპექტზეც ისაუბრებენ.
ჯოზეფ ბორელის ვიზიტი 2 დღეს გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენციაც. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. პრემიერმა გუშინ, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ევროპელ კოლეგებთან 12 რეკომენდაციის თაობაზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ახლაც, ბორელს, კიდევ ერთხელ განახლებულ ინფორმაციას მიაწვდიან.