საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საინვესტიციო პროგრამას, ასევე სტიპენდიის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს," - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილი უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან კოლეგა პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა. ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში, რა დროსაც დიპლომატებს სიტყვით მიმართა.
თავის გამოსვლაში ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორულ ურთიერთობებს, თავის მხრივ კი უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე.
"ჩვენ ვაფასებთ უნგრეთისა და პირადად მინისტრის აქტიურ მხარდაჭერას, რაც, ამ გადამწყვეტ პერიოდში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გრძელვადიან ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ეს ხანგრძლივი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესია. საქართველომ გამოავლინა მტკიცე ნება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რათა განაგრძოს გზა გაწევრიანების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად. დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ასევე იმედი გვაქვს, რომ მიიღება გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მტკიცე კავშირს ევროკავშირთან," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.