პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ მომავალ კვირას მიმართავს. იმპიჩმენტის პროცედურას ემიჯნება ოპოზიცია და მის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.
„წინასწარ როდესაც ვიცით, რომ იმპიჩმენტი არ შედგება „ქართული ოცნების“ მხრიდან და როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ იმპიჩმენტის მიზეზი არის პრეზიდენტის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა და მისი ვიზიტები ევროკავშირის დედაქალაქებში სხვა თუ არაფერი არაა თუ არა ევროპული მომავლის საბოტაჟი, პოლარიზაციის გაღრმავება ან დასავლური გზავნილების გაძლიერება და იმავე დროულად გზავნილი კრემლში, რომ ისინი სჯიან პრეზიდენტს, რომელიც გახდა კრემლის კრიტიკის ობიექტი,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
გახარიას პარტიის ”საქართველოსთვის” წევრები იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას უკან გადადგმულ და დამაზიანებელ ნაბიჯად მიიჩნევენ. მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ გააჩნია.
„ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად არ შევდივართ სამართლებრივი ნაწილის განხილვაში, კონსტიტუცია დაირღვა - არ დაირღვა და ა.შ. მოლოდინი გვაქვს ის, რომ სასამართლო სამწუხაროდ, რამდენადაც კონტროლის ქვეშ არის, მოლოდინი იმისა, რომ რაღაც სხვა გადაწყვეტილება მიიღება ამისი მე, ჩვენ არ გვაქვს. მთავარია, რომ არ შეიძლება და მიუღებელია იმპიჩმენტის მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს იქნება უბრალოდ უკან გადადგმული და დამაზიანებელი ნაბიჯი,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.