სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს მმართველი გუნდი კონსტიტუციის უხეში დარღვევად აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად ხელმოწერების შეგროვება პრაქტიკულად დაასრულა. “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ მომავალ კვირას მიმართავს. მმართველი გუნდის განმარტებით, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე ვერ მივა, თუმცა თვლიან, რომ რეაგირება საჭირო იყო.
მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტი საგარეო აქტივობებს კონსტიტუციის დაცვით ახორციელებდეს.
„ჩვენი ქვეყნისთვის აჯობებდა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვით ახორციელებდეს თავის საგარეო აქტივობებს, თუმცა, როდესაც სახეზეა კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, რაც გულისხმობს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საგარეო აქტივობების შეთანხმებას, რაც ამ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან არ ყოფილა მიცემული, ამას სჭირდება სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.
ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე, შემდეგ მმართველ უმრავლესობაში, მივიღეთ გადაწყვეტილება და იმპიჩმენტის ინიციირებას აქვს ჩვენი ყველა თანაგუნდელის ხელმოწერა. ის რეგლამენტისა და წესების დაცვით იქნება ინიციირებული და განხილული,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მოსაზრება, რომ პრეზიდენტის ჩარჩოში მოქცევის მცდელობას აქვს ადგილი სიმართლეს არ შეესაბამება.
„რაც შეეხება პრეზიდენტის ჩარჩოში მოქცევის მცდელობას, ნამდვილად არ არის ეს ასე, პრეზიდენტიც და ნებისმიერი კონსტიტუციური თანამდებობის პირი უკვე არიან ჩარჩოებში მოქცეული. ეს ჩარჩოები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მიერ და ეს არის ის ჩარჩოები, რომელ ჩარჩოებშიც უნდა იმოძრაოს ნებისმიერმა კონსტიტუციური თანამდებობის პირმა. პრეზიდენტის ჩარჩოში მოქცევა არ ხდება, რაიმე ახლის დაწესება ან ახალი მოთხოვნების წარდგენა არ ხდება – ყველა თანამდებობის პირმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ ჩარჩოებში უნდა იმოქმედოს, რაც საქართველოს უზენაესი კანონის მიერ არის დადგენილი,” - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეგროვებული ხელმოწერები, საქართველოს პარლამენტს, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს, რის შემდეგაც, ის უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.
სასამართლომ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.