15 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
"ვიცით მისი კრიტიკული დამოკიდებულება, ვიცით მისი პოლიტიკური განცხადებები, რასაც აკეთებდა არა ერთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით" - არჩილ თალაკვაძე ნინო ლომჯარიას შესახებ

ყოფილი სახალხო დამცველის მიერ ახალი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ნინო ლომჯარია თანამდებობაზე ყოფნის დროსაც ხშირად აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ყველას კარგად ახსოვს ნინო ლომჯარიას პოზიციები. 

"ვიცით მისი კრიტიკული დამოკიდებულება, ვიცით მისი პოლიტიკური განცხადებები, რასაც აკეთებდა არა ერთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, ალბათ მას უნდა ჰკითხოთ, აქვს თუ არა პოლიტიკური გეგმები. ჩვენთვის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ოპონირებს ხელისუფლებასთან, თუ ოპონირებს ოპოზიციასთან, უკვე არის პოლიტიკის მონაწილე. პარტიას შექმნის მომავალში თუ რომელიმე პარტიაში გაერთიანდება, ეს არ ვიცი,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, რა შინაარსს ატარებს ახალი მოძრაობა. 

"თან პოლიტიკაში რომ გინდა ყოფნა და თან გერიდება პოლიტიკური პარტიის დარქმევა, ეს უკვე დიაგნოზია და ამით უკვე ფაქტობრივად, წინასწარ განწირულია იმისთვის, რომ კრახი გარდაუვალია. სხვა შემთხვევაში, ცხადია ამ ე.წ. პლატფორმისგან არც სახელი გვეუბნება რამეს და გაუგებარია ასევე შინაარსიც, გაუგებრობა მათი სავიზიტო ბარათია,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები