15 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
სახალხო დამცველობიდან სამოქალაქო პლატფორმამდე - რა მიზანი აქვს ნინო ლომჯარიას და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ცვლილებები ევროინტეგრაციისთვის - ეს არის ახალი ორგანიზაციის შექმნის იდეა. ყოფილი ომბუდსმენის თქმით, სამოქალაქო პლატფორმა ყველა იმ ადამიანს გააერთიანებს, ვისაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოქმედება სურს, თუმცა არ სურს პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირება. ამბობს, რომ გაერთიანება, პარტიად არ ჩამოყალიბდება, თუმცა იმუშავებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.

ნინო ლომჯარია უარყოფს, თუმცა პარტიების უმრავლესობაში დარწმუნებულები, არიან რომ ახალი ორგანიზაციის შექმნა მკაფიო პოლიტიკური განაცხადია. სახელისუფლებო გუნდს აქვს მოლოდინი, რომ ახალი გაერთიანება ახალი ოპოზიციური პლატფორმა იქნება.

ლომჯარიას ინიციატივის მიზანი გაუგებარია ოპოზიციისთვის, რომელიც ყოფილი სახალხო დამცველისგან სწორედ პოლიტიკურ აქტიურობას ელოდება. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ახალ გაერთიანებასთან თანამშრომლობის მზაობას უკვე გამოთქვამს. ზოგი კი ყოფილ ომბუდსმენს პოლიტიკურ რჩევასაც აძლევს.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ნინო ლომჯარიას რეალური მიზანი პოლიტიკურია, საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ლომჯარიას იმ პოზიციებზე გააკეთა აქცენტი, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოხატავდა. "ქართული ოცნებისთვის" საინტერესოა ახალი პლატფორმის ფინანსური მხარეც. თავად ორგანიზაციის ოფიციალური განმარტებით, გაერთიანებას თავდაპირველად მატერიალურ მხარდაჭერას მისი დამფუძნებლები უწევდნენ, მოგვიანებით კი ფინანსური დახმარება მათ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსგანაც" მიიღეს. ამის მიუხედავად, მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ნინო ლომჯარიას რეალურად დაფინანსების სხვა წყარო ჰყავს.

"საქართველოს ევროპული ორბიტა" - ასე ჰქვია სამოქალაქო პლატფორმას, რომელსაც სათავეში ნინო ლომჯარია ჩაუდგება. ორგანიზაცია ხვალ უკვე ოფიციალურად დაფუძნდება.

დღის ამბები