15 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
ვინ განულდება 501-ე პალატის პაციენტისთვის - ვინ სცადა სააკაშვილის დაცვა და რატომ თვლის "ოცნება", რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური რადარებიდან გაქრება

ვინ განულდება 501-ე პალატის პაციენტისთვის - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის მიმართვის მთავარ ადრესატს არ ასახელებს. ლევან ხაბეიშვილმა, რომელზე ფსონიც რამდენიმე თვის წინ დაიდო, ლიდერის გზავნილი გაერთიანებისკენ მოწოდებად აღიქვა, მის წინამორბედს კი პარტიაზე თავდასხმის ნაცვლად სამიზნის გასწორება ურჩია.

სააკაშვილის წერილმა შიდაპარტიული დაბნეულობის გარდა გაამყარა ეჭვი, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას აპირებს, ექსპრეზიდენტის ირიბი მუქარა კი სწორედ პარტიის ყოფილი თავმჯდომარისკენ იყო მიმართული. ერთადერთი, ვინც ღიად დაადასტურა ეს ეჭვი დავით ხაჯიშვილი იყო - ხაბეიშვილის გუნდიდან.

ნიკა მელია უკვე მეორე დღეა დუმს. დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდის შესაძლო ჩამოყალიბებაზე, არც მისი თანამოაზრეები საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მათი მოსაზრებითაც, მიხეილ სააკაშვილის მუქარის ადრესატი სწორედ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე იყო. მელიას ფლანგი არ მალავს, რომ პარტიის ახალ მენეჯმენტთან წინააღმდეგობა აქვთ, თუმცა შიდაპარტიულ რღვევასა და განხეთქილებაზე პასუხისმგებლობას, თავად ექსპრეზიდენტსა და ლევან ხაბეიშვილს აკისრებენ. ნიკა მელიას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ მათი პოლიტიკური გზები ორად გაიყოს.

წერილის გავრცელების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირველი პოლიტიკური გზავნილი კლინიკა "ვივამედიდან" გიული ალასანიამ გამოიტანა. ექსპრეზიდენტის დედის თქმით, სააკაშვილი შიდაპარტიული დაპირისპირების ნაცვლად, ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა და ბელადომანია- ამ ეპითეტებით გამოხატა მთავარი სათქმელი სააკაშვილის კიდევ ერთმა ადრესატმა და განულებულად მოხსენიებულმა გიგა ბოკერიამ. პატიმარი ექსპრეზიდენტის გზავნილზე, საპასუხო რეაქცია ევროპული საქართველოს ლიდერს მალევე ჰქონდა.

ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ყოფილი პრეზიდენტის პარტიასთან ღირებულებითი თანხვედრა არასდროს ჰქონია, ფიქრობს, რომ სააკაშვილი პარტიიდან წამსვლელებს ბოკერიას გზით ემუქრება.

სააკაშვილის წერილი "ვივამედიდან" მისივე პარტიის ნაწილის მიმართ მორიგ მუქარად აღიქვეს მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ სააკაშვილის პარტია მთავარი ოპოზიციური გაერთიანების სტატუსს დაკარგავს და პოლიტიკური რადარებიდან გაქრება.

საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, მისივე მხარდამჭერების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოყვა სოციალურ ქსელში. ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც წყალტუბოში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს, ხაბეიშვილის პარტიას კი ხმას არასდროს მისცემს. საპასუხო გზავნილი ჰქონდა თამარ ჩერგოლეიშვილსაც, რომელმაც ასევე "ფეისბუკით" გასცა პასუხი ექსპრეზიდენტს და დაწერა: ვინც მიშას გზას გაჰყვება დაამთავრებს როგორც მიშა, განულებაზე კი კომენტარს არ გავაკეთებ - არ მინდა ნულს ნიშანი მოვუგო".

დღის ამბები