პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილის აზრი ერთმანეთს ემთხვევა. მათი შეფასებით, ეს ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის საკითხის წამოწევა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაფარადაც გამოიყენეს.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს აქვს ორი მთავარი მიზანი - პირველი, ეს არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ არ მიიღოს და მეორე, მთავარი მიზანი აქვს ის, რომ გადაფაროს მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყანაში," - აცხადებს ანა წითლიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, იმპიჩმენტი უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე სამართლებრივი, მათ კი ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა არ აქვთ.
"იმპიჩმენტი სამართლებრივთან ერთად უფრო მეტად არის პოლიტიკური საკითხი, ეს წერია კონსტიტუციაშიც, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი არანაირ შედეგს არ იწვევს, შედეგს იწვევს პოლიტიკური მიზანშეწონილებით მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკითხი არის პოლიტიკური. ამ პოლიტიკურში, იცის, რომ არ აქვთ 100 ხმა და არ ვიცი რისი იმედი აქვთ,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
"გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის მომიზეზებით პრეზიდენტის იმპიჩმენტი გადაიფიქროს.
"საკონსტიტუციოს აიძულებენ დაწეროს რაღაც სრულიად გაუგებარი დასკვნა. იმდენად გაუგებარია, ჩვენ რომ ვერ გავიგეთ, ევროპელები საერთოდ შოკში არიან ალბათ ამ ყველაფრისგან. ამიტომ, სავსებით ლეგიტიმური იქნება, რომ "ქართულმა ოცნებამ" რაღაც საბაბი იპოვოს, ევროინტეგრაცია ან რაღაც და გადაიფიქროს. მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ რაღაც გლობალური მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს,"- აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მმართველ პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად აქვს. მას შემდეგ, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ავთენტურობას დაადგენს, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მმართველი გუნდი პრეზიდენტს ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. ინიციატივას ასი დეპუტატის ხმა სჭირდება, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე მოხსნას კი მხარს მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ევროპელი სოციალისტები" უჭერენ. ეს სულ 88 ხმაა. ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვების იმედი მმართველ გუნდს არ აქვს, თუმცა განმარტავენ, რომ პროცედურას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ალიანსს გამოააშკარავებს.