მმართველ პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად აქვს. მას შემდეგ, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ავთენტურობას დაადგენს, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მმართველი გუნდი პრეზიდენტს ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
"თუკი შენ შენი ქვეყნის კონსტიტუციას არ სცემ პატივს, თუ არ ასრულებ მას და არღვევ შეგნებულად, რაც არის სახელმწიფოს ძირითადი საფუძვლის უპატივცემულობა, ძალიან რთულია ისაუბრო შემდგომ უკვე როგორ აკეთებ სხვადასხვა მიზნებისთვის ბრძოლას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი და მიზანი უნდა იყოს ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურ სივრცეში დაინერგოს იმის პრაქტიკა, რომ ქართველი პოლიტიკოსები მოქმედებენ კონსტიტუციის ჩარჩოებში და პატივს სცემენ მას. ეს არის გარანტი ჩვენი ევროპული მომავლის. თუკი ჩვენ კონსტიტუციას გავცდებით ყოველ ჯერზე, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევქმნით სამართლებრივ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ადგილი ევროპასა და ევროკავშირში,"- განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ინიციატივას ასი დეპუტატის ხმა სჭირდება, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე მოხსნას კი მხარს მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ევროპელი სოციალისტები" უჭერენ. ეს სულ 88 ხმაა. ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვების იმედი მმართველ გუნდს არ აქვს, თუმცა განმარტავენ, რომ პროცედურას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ალიანსს გამოააშკარავებს.