15 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
სასამართლომ გარკვევით თქვა, რომ ნიკა მელიას დაკავება იყო კანონიერი და არანაირი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდა - რას ამბობენ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე მმართველ გუნდში

ნიკა მელიასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის დაკავება იყო კანონიერი და მას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია.

"სტრასბურგის სასამართლომ გარკვევით თქვა, რომ ნიკა მელიას დაკავება იყო კანონიერი და ეს იყო მხოლოდ სამართლებრივი საქმე და არანაირი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდა მას. ჩვენ გვახსოვს მთელი თავდასხმები ამ პერიოდში, როგორც ქართულ სახელმწიფოზე, ასევე სასამართლოს წინააღმდეგ და ასევე, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგა მაშინ პრემიერი გახარია, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სინამდვილეში იყო ლაჩრობა, ტყუილი საზოგადოების წინაშე და ჩვენი სახელმწიფოს ღალატი. ახლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ თითოეული ეს ადამიანი არის ვალდებული, გამოვიდეს საჯაროდ და ბოდიში მოუხადოს ჩვენს საზოგადოებას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი.

მმართველ გუნდში იმასაც ამბობენ, რომ ნიკა მელიას საქმესთან მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებული არ იყო.

"რას ეუბნებოდა ოპოზიცია და როგორ იქცეოდა სახელმწიფო იმ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანისთვის აზრის შეცვლას შეეცადნენ მაშინ ოპოზიციაში, სწორედ ამ კონკრეტული სამართლებრივი პრობლემის გათვალისწინებით. ახლა დადასტურდა, რომ ხელისუფლება იყო აბსოლუტურად პირნათელი და მართალი ამ მიმართულებით. ესეც გამოაჩინა ამ გადაწყვეტილებამ, რომ მაშინ პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად არამართებული. არამართებული არა უბრალოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ეს ამავდროულად წარმოაჩენს იმას, რომ რეალურად სხვა მოტივაცია არსებობდა ბატონი გახარიასთვის, რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება და არა ის სამართლებრივი პრობლემატიკა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ახლა, უდაოდ დადასტურდა, რომ ასეთი პრობლემატიკა არც არსებობდა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე "ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ" საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

დღის ამბები