ერთ საათში თბილისს ჟოზეფ ბორელი ეწვევა. როგორია საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე - ამ მისიით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქვეყანაში 2 დღით დარჩება და შეხვედრებს გამართავს.
უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ სტუმარს შესრულებული ევრორეკომენდაციებით ხვდებიან. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჟოზეფ ბორელის ვიზიტს ევროპული გაერთიანების მხარდაჭერად აფასებენ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს.
"მისასალმებელია, როდესაც ასეთი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული და საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელიც იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. ყველა ასეთი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს მომავლისთვის და ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესისთვის.
გაუგონარი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, რომ ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით და იმით, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ყველა ის რეფორმა და 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო მოცემული, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ჩართულობით იქნა განხორციელებული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება," - აცხადებს კახა კალაძე.