საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოში ჟოზეფ ბორელის ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ახალ იმპულსს მოიტანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე:
"ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა. ერთი მხრივ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უკვე საქართველოში მას დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას შეეხება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება უმაღლეს დონეზე.
მეორე მხრივ, აქცენტები იქნება გაკეთებული დღეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების კუთხით. ბორელის ვიზიტიც სპეციალური გზავნილია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ვიზიტის პირობებში ბორელს შეხვედრები ექნება ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო წარმომადგენელთან, უმაღლეს თანამდებობის პირებთან. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს, ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და, მეორე მხრივ, ექნება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.