თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის 5 საათისთვის დაეშვა. ჯოზეფ ბორელი მისი ამჟამინდელი უფლებამოსილების ფარგლებში თბილისში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა, რეგიონული საკითხები და საგარეო პოლიტიკა ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე ევროპელ პოლიტიკოსს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირში საქართველოსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩები დახვდნენ.
ოფიციალური თბილისისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი განსაკუთრებულია. ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით, იმ ფონზე, როცა საქართველო ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშს ელოდება, წლის ბოლოს კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება უნდა გახდეს ცნობილი ჯოზეფ ბორელთან შეხვედრები მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. ილია დარჩიაშვილის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან ევროპული დავალება შესრულებულია. ვიზიტი კი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი იმპულსი იქნება რასაც შესაბამის გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნება.
ბრიუსელის 12 რეკომენდაცია და მისი შესრულება იქნება მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიცია ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტთან გაამახვილებს ყურადღებას. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პრიორიტეტები შეუსრულებელია.
მმართველი პარტია ოპონენტების გზავნილებში ქვეყნის ინტერესის დაზიანების მცდელობას ხედავს. "ქართულ ოცნებისთვის" ჯოზეფ ბორელთან პირისპირი შეხვედრა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობაა. სახელისუფლებო პარტია ყველა მიმართულებით დეტალურ საუბარს გეგმავს და აცხადებენ, რომ ოპოზიციის დამოკიდებულების მიუხედავად ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არასწორი შთაბეჭდილებების სივრცეს არ დატოვებენ.
ხელისუფლებისგან განსხვავებით ოპოზიციის ნაწილს ოპტიმისტური მოლოდინი ნაკლებად აქვს. პოლიტიკურ პარტიებში ევროინტეგრაციის პროცესში დაბრკოლებად რეფორმების განუხორციელებლობას ასახელებენ. სასამართლო რეფორმაა მთავარი, რაზეც ოპოზიციის ნაწილი ხვალ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საუბარს გეგმავს.
”ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით ის რაზეც მათი ოპონენტები საუბრობენ რეალობას არ შეესაბამება და რეფორმების კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მიმდინარეობს ბოლო დეტალებზე მუშაობა. მმართველი პარტიის შეფასებით ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე შეხვედრები მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. პირველად ჯოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა მინისტრს ესტუმრება. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. უკვე ცნობილია რომ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ ირაკლი ღარიბაშვილი და ჯოზეფ ბორელი. ხვალვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.