15 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
იმ ოჯახში, სადაც უსაფრთხოება და ეკონომიკური დოვლათია, უკაცრავად, მაგრამ კონკრეტული თამაშის წესები არსებობს - ლევან ხაბეიშვილი

ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი თბილისში დატვირთული გრაფიკით და გაწეული სამუშაოს შეფასებისთვის ჩამოვიდა. ჯოზეფ ბორელი პრემიერის გარდა, შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

"ლელოს" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა "ცივი წყალი გადაასხა" როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციის ნაწილს.

"ეს იყო ცივი წყლის გადასხმა "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ნაწილისთვის, ეს ზედაპირზე დევს. პოლარიზაციის შემცირების გასაღები პირველ რიგში, აქვს ხელისუფლებას, მან უნდა გადადგას ნაბიჯები.

ევროკავშირი მკაფიოდ აფიქსირებს მზაობას, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და გახდეს ევროკავშირის წევრი და ამაზე ძალიან მკაფიო მხარდაჭერის პოზიცია კიდევ ერთხელ გამოითქვა, თუმცა ეს პროცესი უნდა წარიმართოს საქართველოს ხელისუფლების მკაფიო პოლიტიკური განწყობების განაცხადით და პლუს, რეკომენდაციების შინაარსობრივი შესრულებით,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, მიიღოს ჩვენი ქვეყანა თავის ოჯახში.

"ბორელი ამბობდა, რომ სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს, ოღონდ არსებობს თამაშის წესები. ბორელი ამბობს, რომ იცით რა, მიგიღებთ ოჯახში, ოღონდ უნდა შემოხვიდეთ კორუფციის გარეშე, სასამართლო კლანის გარეშე, პოლიტიკური პატიმრის გარეშე. კონკრეტული გზავნილები იყო. როცა იმ ოჯახში სადაც უსაფრთხოება და ეკონომიკური დოვლათია, უკაცრავად, მაგრამ კონკრეტული თამაშის წესები არსებობს,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები