"ქართულ ოცნებაში" ბორელის ვიზიტს და მის გზავნილებს აფასებენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ვერ ხედავს ევროკავშირის მიერ წამოყენებული რეკომენდაციებიდან ვერცერთ ისეთ საკითხს, რომლის ბოლომდე მიყვანისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არ იყოს.
"ვერავინ ვერ უარყოფს, რომ საქართველოს ევრომომავალი და კანდიდატის სტატუსი ამ გზაზე ნამდვილად ხელშესახებად ახლოსაა. იქ აღნიშნული იყო, რომ რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების შესრულებას ბოლომდე სჭირდება მიყვანა. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცერთ ისეთ საკითხს, რომლის ბოლომდე მიტანაშიც ან კიდევ მნიშვნელოვანი პროგრესის შეტანაში საქართველო და ხელისუფლება არ არის მზად. ეს დეპოლარიზაციის საკითხი არის ის საკითხი, ვინც ქართულ პოლიტიკას და ჩვენს შიდა პოლიტიკურ კულტურას თუ უკულტურობას იცნობს, ნათელია, თუ რასთან გვაქვს საქმე. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც მიხვდება, რომ ყოველთვის ყველაფერზე ხელაღებით ცუდის ძახილით, თუ მართლა გულის სიღრმეში უნდათ, რომ საქართველომ ეს პერსპექტივა უკვე კანდიდატის სტატუსში გადაიტანოს, ალბათ თვითონაც ზომიერები უნდა იყვნენ და თავიანთი პოლიტიკური ვნებები მოთოკონ,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო მოწინავეა რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ამიტომ სამართლიან გარემოში, ქვეყანამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
"თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებიდანაც ჩანს, რომ ჩვენ ვართ მოწინავეები, ჩვენ ვართ წარჩინებულები, რეფორმებით, რეკომენდაციების შესრულებით და ა.შ. გვიხარია ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმატება, ომში მყოფი უკრაინის განსაკუთრებით, მაგრამ ამის ფონზე, რაღაცა ისეთი მიზეზებით, რომელზეც საუბრობენ რომ ეს შეიძლება არ იყოს მართალი, ჩვენ არ უნდა დავიჩაგროთ, ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაიჩაგროს. თუ წარმატებული, კრიტერიუმებით პირველ ადგილზეა, თუ უფრო მეტი, პოზიტიური რეფორმები აქვს, თუ უფრო მაღალია დემოკრატიის ხარისხი, მაშინ როგორ შეიძლება საქართველოს მიტოვება. უნდა მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება, თუ იქნება გადაწყვეტილება სამართლიანი, მაშინ საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.