საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველა ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება.
„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა ორი ბავშვისა და ერთი ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე. მთავრობის სახელით, მინდა, გამოვხატო სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. მართლაც დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რა გაკეთდა დღის მდგომარეობით. ჩემი დავალებით, მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში – 15. დღეის მდგომარეობით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა.
სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო ჩართული. ჯამში, უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგების მიერ ორი დღის მანძილზე შემოწმდა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების ცხრა უბანი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები.
„სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. მინდა, მოწოდებითა და თხოვნით მივმართო ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და აუცილებელია, მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.