პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით, ოპოზიციას კითხვები აქვს. ოპოზიციამ დღეს ანზორ ჩუბინიძის სახელზე პრემიერის კერძო ვიზიტთან დაკავშირებით შეკითხვები გაგზავნა.
პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რაც უკავშირდება აღნიშნული ბორტით სარგებლობას.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვითხოვოთ ის ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო ინფორმაცია და საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რაც უკავშირდება აღნიშნული ბორტით სარგებლობას. ოფიციალურად მივმართავ ბატონ ჩუბინიძეს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს და მთელი რიგი შეკითხვები მას გაეგზავნება," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ვიზიტთან დაკავშირებით პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უნდა გამოქვეყნდეს მტკიცებულებები, საიდან იქნა გადახდილი ეს თანხები.
"საბიუჯეტო სახსრებით იყო, თუ კერძო სახსრებით იყო ჩარტერი გაკეთებული, ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს დანაშაულთან. გამოაქვეყნეთ მტკიცებულებები, საიდან მოვიდა ეს ფულები, როგორ გადარიცხეთ ეს ფული. ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, ყველა ოპოზიციური ინიციატივას დავუჭერთ მხარს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.