15 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და ყველა შესაბამისი შემოსავალი თუ გასავალი იქნება აღწერილი მომდევნო წლის დეკლარაციაში" - რატი იონათამიშვილი

პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან  დაკავშირებით, განცხადებები კეთდება უმრავლესობაში. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, პრემიერის მხრიდან საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ადგილი არ ჰქონია და ყველაფერი დეკლარაციაში აისახება.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი წინა ხელისუფლების პერიოდს და ბიუჯეტიდან პირადი მოხმარების მიზნით თანხების გაფლანგვას იხსენებს.  

"რადიკალური ოპოზიცია სამარცხვინო დღეშია ჩავარდნილი, მათ გამრავლების ტაბულა უდევთ მაგიდაზე და როგორც ჩანს, გამრავლება და შეკრება არ იციან. ფაქტი არის ის, რომ საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და ყველა შესაბამისი შემოსავალი თუ გასავალი იქნება აღწერილი მომდევნო წლის დეკლარაციაში. მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ ესენი, ფაქტობრივად აღიარებით ჩვენებას წერენ ერთი მეორეს მიყოლებით მათი ბელადის, სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც სულ მცირე 9 მილიონი ლარი დახარჯა მხოლოდ პირადი სიამოვნებისა და კმაყოფილებისათვის. ეს 9 მილიონი ლარი იყო ზუსტად სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, ანუ გადასახადის გადამხდელთა თანხა, რომელსაც პირად სალაროდ მიიჩნევდა ეს ადამიანი და ისე განკარგავდა როგორც მოეპრიანება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

დღის ამბები