15 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იგივე სტატუსი, რაც უკრაინას და მოლდოვას უკვე აქვთ, ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც არ შევთავაზეთ სტატუსი საქართველოს უფრო ადრე - ჩარნეცკი

რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად იმისთვის რომ ქვეყანამ წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსი მიიღოს -
ამ თემაზე ბოლო ინფორმაციას ევროპელ კოლეგებს პირისპირ შეხვედრებზე მმართველი გუნდის დეპუტატები ამ წუთებშიც აცნობენ. ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან.

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობა ასრულებს თუ არა მათ სურვილებს.

"აბსოლუტურად მოხარული ვართ ქართველი ხალხის სურვილით, შეუერთდნენ ევროკავშირს. ასეც ხდება, რომ ქვეყანას პრობლემები საკუთარ მთავრობასთან აქვს. მოსახლეობას პრობლემები აქვს მთავრობასთან, და სწორედ მოსახლეობამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემები.

მე ყოველთვის ვაჩვენებ ხოლმე მაგალითს, თუ როგორ მოიქცა სლოვაკეთთან მიმართებით ევროკავშირი. 1997 წელს ქვეყანას ძლიერი სურვილი ჰქონდა ამერიკასთან და ასევე ევროპულ ქვეყნებთან მოლაპარაკების დაწყების. თუმცა მათ ჰყავდათ მთავრობა, რომელიც არ მოქმედებდა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. მაშინ ევროკავშირმა თქვა, რომ კი, სლოვაკეთს შეუძლია გახდეს ევროკავშირს წევრი, მაგრამ არა ასეთი მთავრობით. არ ვიცი რა პირობები იქნება.

მაგრამ მე გაჩვენებთ სლოვაკეთის მაგალითს , უბრალოდ წაიკითხეთ ამის შესახებ რა თქვეს 1997 წელს. ეს ხალხის დემოკრატიული უფლებაა, როგორც ვიცი მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებია, ევროკავშირთან ინტეგრაცია მნიშვნელოვანი საკითხია . მოსახლეობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ამ მთავრობამ შეძლო თუ არა ქართველი ხალხის სურვილების შესრულება,"- აცხადებს კუბილიუსი.

ევროპარლამენტის დეპუტატი რიჩარდ ჩარნეცკი კი აცხადებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია.

"აშკარაა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. რადგან საქართველოს კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია, საქართველოს მემკვიდრეობა ევროპის მემკვიდრეობის ნაწილია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა მსოფლიოში. ჩვენ უნდა განვიხილოთ გზამკვლევი საქართველოსთვის, მაგრამ ამავდროულად უნდა გავგზავნოთ მკაფიო და ძლიერი გზავნილი ქართველი მეგობრებისთვის. გორი, თბილისი და სხვა ქალაქები თუ სოფლები.. მათი ადგილი ერთიან ევროპაშია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო ჩვენ საერთო ევროპულ სახლს შეუერთდეს. საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იგივე სტატუსი, რაც უკრაინას და მოლდოვას უკვე აქვთ. მე ვფიქრობ, ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც არ შევთავაზეთ სტატუსი საქართველოს უფრო ადრე. ვფიქრობ, დიახ ეს შემოდგომა კარგი დროა, თბილისს ეს კონკრეტული შეთავაზება მივცეთ. ახლა, როცა რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკაში, ჩვენ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები უნდა შევთავაზოთ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს, რადგან რუსეთი, როგორც მეზობელი ქვეყანა საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, რისკია არამხოლოდ ამ სახელმწიფოებისთვის - არამედ ევროკავშირისთვისაც,"- აცხადებს ჩარნეცკი.

დღის ამბები