15 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ლაშა ფარულავამ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რას პასუხობენ მმართველ გუნდში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ლაშა ფარულავა იმ 8 საჯარო უწყების წარმომადგენლის სასამართლოში დაბარებას მოითხოვს, რომელსაც შოვის სტიქიასთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართა.

ფარულავას თქმით, უწყებებმა საჯაროდ მოთხოვნილ კითხვებზე პასუხი არ გასცეს.

"ჩვენ 8 პასუხისმგებელ უწყებას სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაზე 47 შეკითხვით მივმართეთ 11 აგვისტოს, თუმცა არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, ვინაიდან ისინი მალავენ საკუთარ დანაშაულს. ამიტომ ჩვენ ამ უწყებებს ვიბარებთ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით შეგვაქვს სასჯელი და მოვთხოვთ საჯარო ინფორმაციაზე პასუხებს კონკრეტულ კითხვაზე - თუ რატომ მიატოვეს შოვის ტრაგედიისას სამი საათის განმავლობაში ადამიანები," - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

სარჩელს მმართველი გუნდიდან უპასუხეს, სადაც თქვეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

"ნებისმიერი უბედურება, რაც ატყდება საქართველოს მოქალაქეს, ერთ ოჯახს, ერთ ახალგაზრდას, ერთ კუთხეს თუ მთლიანად ერს, ეს არის მათთვის ტივტივა, რომ იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე, თუმცა, საზოგადოება ძალიან მალე შიფრავს მათ ამ განზრახვებს.

ცოტა ხანი სვავური ინსტინქტებით იმოძრავებენ და იმოქმედებენ შოვის ტრაგედიის ირგვლივ და შემდეგ ისევ, ბუნებრივია, საზოგადოებას, როდესაც ესეც მოსწყინდება და თვითონაც მიხვდებიან, რომ ფუჭია მათი მორიგი მცდელობა, ისინიც გაეშვებიან ამ ტივტივას," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

დღის ამბები