ორბელიანების სასახლიდან გამოსული ოპოზიცია დღეს ღიად ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილს რეალურად მიაჩნია, რომ მისი იმპიჩმენტისთვის მმართველი პარტია საჭირო ხმების მობილიზებას შეძლებს. "მოქალაქეების" ლიდერი ეჭვობს, რომ ”ქართულ ოცნებას” სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაეხმარებიან. ამ პოზიციას იზიარებენ გიორგი გახარიას გუნდშიც და ფიქრობენ, რომ შესაძლო პოლიტიკურ გარიგებაში მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ ლევან ხაბეიშვილის გუნდია.
ბრალდების საპასუხოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დღეს ”მიყიდულები” უწოდა კოლეგა ოპოზიციონერებს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ანა წითლიძემ თქვა, რომ ეჭვების გასაქარწყლებლად ”ნაციონალური მოძრობა” მზადაა პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრას სხდომათა დარბაზში საერთოდ არ დაესწრონ.
”ნაციონალური მოძრაობის” კოლეგა პარტიებში მიაჩნიათ, რომ ხაბეიშვილის გუნდიდან ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს "ოცნების" შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკურ პარტიებს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის მიმართ უნდობლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ გაუღრმავდათ.
პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრებს, იმპიჩმენტის საფრთხეს უკავშირებს მმართველი პარტია. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ რისკების დასაზღვევად სალომე ზურაბიშვილი პროცესში პირადად ჩაერთო. პრეზიდენტის ვადამდე ადრე გადაყენებისთვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, საკმარისი ხმები საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს, "ოცნება" ოპონენტებთან კონსულტაციებს არ გეგმავს, თუმცა ელოდებიან ვინ იქნებიან ის დეპუტატები, ვისაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე რეაგირება არ ექნებათ.
სამართლებრივ რეაგირების მოლოდინში არიან ”ევროპელი სოციალისტები”. ფრიდონ ინჯიამ მისი გუნდის წევრებთან ერთად, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ხელი უკვე მოაწერა. ამ საპარლამენტო ჯგუფში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტამდე უნდა მიიღოს.
პრეზიდენტის ვადამდე ადრე გადაყენებას, მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა ემხრობა, სწორედ ეს აძლევს სახელისუფლებო პარტიას იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის უმრავლესობის ინტერესები თანხვედრაშია.
დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - დასკვნის მოსამზადებლად საკონსტიტუციო სასამართლოს 1 თვიანი ვადა აქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი პოლიტიკური შეხვედრები დღის ბოლომდე გაგრძელდა. სალომე ზურაბიშვილი დღესვე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსაც ესაუბრა, ხვალ კი მისივე ინიციატივით საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ სხვა წევრებს შეხვდება.