15 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

მოსამართლეების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

ვაშინგტონის ახალ სასანქციო პაკეტში 150-ზე მეტი ბიზნეს კომპანია და ინდივიდუალური პირი მოხვდა. მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომის აღკვეთაა. შავ სიაში ფარცხალაძის გარდა, მოხვდნენ რუსეთის, თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები და კომპანიები. ოთარ ფარცხალაძე, სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ქართველ-რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეზე საკუთარ ბერკეტებს იყენებდა. სანქციები შეეხო ალექსანდრ ონიშჩენკოს, რომელიც ამ სამსახურის, ანუ "ეფესბეს" ოფიცერია.

"ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკოს და "ეფესბეს" ჰქონდათ ბერკეტი ფარცხალაძეზე, რათა გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ,"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა "ეფესბეს" კავშირებით. სანქცირებულია რუსეთში დაფუძნებული ორი კომპანია, რომელთა 50 პროცენტს ოთარ ფარცხალაძე ფლობს.

დღის ამბები