15 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
რა პროგრესი აქვს საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით - ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთი თვე რჩება

ერთი თვე ევროკომისიის შუალედურ დასკვნამდე - პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპა კარგად უნდა დაფიქრდეს, რა გზავნილი იქნება კიდევ ერთი უარი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, წინა წლისგან განსხვავებით, ქვეყანა ამჯერად სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება.

რა პასუხს ელოდება ოპოზიცია? - ერთიანი პოზიცია პოლიტიკურ პარტიებში არც ამ საკითხზე აქვთ. ნაწილი წინასწარ მოლოდინზე საუბრისგან თავს იკავებს. ნაწილს სკეპტიკური განწყობა აქვთ. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ქვეყანამ შესაძლოა სტატუსი მიიღოს, თუმცა დამატებითი პირობებით.

რა წინსვლა აქვს ქვეყანას რეკომენდაციების შესრულების კუთხით? - ამაზე დღეს ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, ევროკომისიის ზეპირი შეფასების შემდეგ პროგრესი არის, თუმცა საჭიროა მეტი - უფრო სწრაფი ტემპები და ძლიერი მუშაობა ყველა მხარის ჩართულობით. ევროპა პროგრესს განსაკუთრებით სასამართლოს, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით ელოდება. განცხადება დიპლომატმა კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობდნენ.

ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებულია. ამის შესახებ დღეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კომისიის წევრები შეთანხმდნენ კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტზე. დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე -მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

12-ვე რეკომენდაციის შესრულებისთვის კი ვადა 1 თვეში იწურება. სწორედ ოქტომბერში შეაფასებს ევროკომისია საქართველოს, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე დეკემბერში დაელოდება.

დღის ამბები