15 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის რეპუტაციას აზიანებს - საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნა არ იგეგმებოდა

ამერიკის საელჩოს შემდეგ, ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის, 2021 წელს, ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც 2 დღის წინ მედიაში გავრცელდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორ სახელმწიფოს ბაზის გახსნაზე უარი უთხრა, სიცრუე აღმოჩნდა. სახელისუფლებო გუნდში დღეს ამბობდნენ, რომ ეს დეზინფორმაციის პირველი შემთხვევა არ არის, მსგავსი ფაქტები კი, მათი თქმით, საქართველოს რეპუტაციასთან ერთად, ამერიკის რეპუტაციასაც აზიანებს.

ამერიკის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის უარყოფის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილმა, უფრო კონკრეტულად კი, "სტრატეგია აღმაშენებელმა" დღეს, საკითხზე სპეციალური ბრიფინგი მაინც გამართა. გიორგი ვაშაძემ, რომელიც გუშინ ”ქართულ ოცნებას” ფაქტების გარეშე აკრიტიკებდა, დღეს თქვა, რომ მსგავსი ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ამერიკის საელჩოს პრეროგატივა არ არის. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, გავრცელებულ დეზინფორმაციას საზიანოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ფაქტის გავრცელებამდე მისი გადამოწმება აუცილებელია.

სახელისუფლებო გუნდმა საკითხის შეფასებისას, დღეს 2019 წლის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც გაიხსენა. 4 წლის წინ, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა, სწორედ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ისაუბრა. მაშინ ზურაბიშვილი ამბობდა, რომ სამხედრო ბაზის შესაძლო გახსნა, საქართველოს ტერიტორიაზე პროვოკაციის შემცველი იქნებოდა. "ქართული ოცნება" ამ განცხადებას დღეს, მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რისკის შემცველს უწოდებს, გარდა ამისა, უკვირს, რატომ არ გახდა ეს შეფასება ოპოზიციის მხრიდან მაშინ განხილვის საგანი. მათთვის ეს ოპონენტების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს..

ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილის წარსულში გაკეთებული განცხადება არ ახსოვს. თუმცა, მათი თქმით, ამერიკის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო განთავსების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა, ქვეყნისთვის საზიანოა.

”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ გავრცელებულ დეზინფორმაციას, მხოლოდ ერთი - პროვოკაციული მიზანი ჰქონდა. მათი თქმით, მსგავსი არასწორი ფაქტების გაჟღერება, საქართველოს საფრთხის ქვეშ აყენებს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა, დღეს ისიც თქვეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკის საელჩოს მხრიდან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ, ოპოზიციის გავრცელებული დეზინფორმაცია უარყვეს.

2 დღის წინ, ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. ფაქტი გუშინ, ამერიკის საელჩომ უარყო, დღეს კი საკითხს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა.

დღის ამბები