"ლელო" ისევ მესამე, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნაზე საუბრობს და ასახელებს მათ, რომელთანაც თანამშრომლობას გეგმავს. მათ შორისაა "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლება", ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, სალომე ზურაბიშვილი და ანა დოლიძე. "ლელოს" პოლიტიკური თანამშრომლობა არ წარმოუდგენია "ქართული ოცნებასთან" და "ნაციონალური მოძრაობასთან". ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბებაზე ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კომუნიკაცია უკვე დაწყებულია.
"ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც იზიარებს ჩვენს ხედვას, რაც შეეხება ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, ვინც არაა ასოცირებული არც "ქართულ ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" დღეს. "ლელო" აპირებს თანამშრომლობას ყველა ინდივიდუალურ პირთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც სჯერა, რომ მომავალი საქართველოსი უნდა შეიქმნას ისე, რომ ჩვენ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ. ნიკა გვარამიას რომ ამის სჯერა, ამაში მე დარწმუნებული ვარ," - განაცხადა "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრების განცხადებით, "ლელოს" მათთან კონსულტაციები არ ჰქონია, ხოლო თუ მოხდება შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე, შეიძლება თანამშრომლობაზე მსჯელობაც.
"არ ვიცი წინასწარ რა იქნება, მაგრამ მკაფიოდ რაც ვიცი - ჩვენ და "დროა" ვაპირებთ. ამ მხრივ მოლოდინები როგორი მაქვს - მოვიტყუები რომ ვთქვა, რამე მკაფიოდ მქონდეს ჩამოყალიბებული. თუ მოხდა ჩვენს შორის შეთანხმებები ღირებულებებზე, იდეებზე, სხვადასხვა მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, იქნება ეს რესურსები თუ სხვა და სხვა, შეიძლება ამ საკითხზე მსჯელობა. ჩვენ, "დროას" და "გირჩს" კარი არ დაგვიხურავს, შესაბამისად, მათთან საუბარს ველოდებით. ჩვენ გვჭირდება რეალური კონსულტაციები, რაც არ მომხდარა. თუ "ლელოს" რეალურად აქვს ეს გადაწყვეტილი და სურვილი აქვს, მას შეუძლია ჩვენთან დაიწყოს საუბარი," - აცხადებს "გირჩი-მეტი თავისუფლება"-ს წევრი ცოტნე კობერიძე.
"ლელოს" იდეას გამოეხმაურნენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და აცხადებენ, რომ ნებისმიერ იდეას უგულშემატკივრებენ, რომელიც გააძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს.
"თუ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, შემოგვიერთდებიან ამ ბრძოლაში და გვექნება საერთო კოალიციური მთავრობა, ეს მხოლოდ წაადგება პროცესს, საქმეს, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციების განმტკიცებას, კონსოლიდაციას. ასე რომ, ამ კონტექსტიდანაც მე მინდა, რომ ნებისმიერ ისეთ ჯგუფს, ნებისმიერ ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მართლა ოპოზიციაა, რომელსაც აქვს დასავლური, ევროპული ფასეულობები და ღირებულებები, წარმატება ვუსურვო მომავალ არჩევნებში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა.