15 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ტიპური ტაქტიკაა, წარმოსახოს, თითქოს ხდება მისი ფრაგმენტიზაცია, სინამდვილეში, ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" შეფასებით, "ლელოს" განცხადების მიუხედავად, რომ არ აპირებს თანამშრომლობას "ნაციონალურ მოძრაობასთან", მათ მიერ დასახელებული სუბიექტები "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან, რომლებიც ამ დრომდე ამ პარტიის გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ერთობა საზოგადოებას დაანახებს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური პოლისი ოპოზიციის ფლანგზე და ეს არის "ნაციონალური მოძრაობა."

"თავისთავად, არანაირი სხვაობა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ლელოს" არც აქამდე არ ჰქონიათ. სალომე სამადაშვილი პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერია, რომ აღარ ვისაუბროთ იმ კავშირებზე, რომელიც "ლელოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებობს. ამას დამატებული ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, რომლებიც არიან "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური ფრთა. "ნაციონალური მოძრაობის" ტიპური ტაქტიკა არის, რომ წარმოსახოს, თითქოს ხდება მისი ფრაგმენტიზაცია, სხვადასხვა ფლანგებზე გადასროლის მიზნით, სინამდვილეში, ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც უბრალოდ სხვადასხვა პოზიციიდან უტევს ქართველ ხალხს. ასე რომ, ძალიან კარგია ეს ამბები, რადგან მნიშვნელოვანია, ეს სიცხადე შევიდეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური პოლისი ოპოზიციის ფლანგზე, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური პოლუსი,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები