ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. როგორც მინისტრი ამბობს, სპეკულაციაა, როდესაც ხდება ნებისმიერი დასანქცირებული პირის სახელმწიფოსთან დაკავშირება.
"საქართველო ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს ასრულებს და ამის აღსრულება საქართველოში ძალიან ეფექტურად ხდება. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფოსთან დაკავშირებას ნებისმიერი პირის, ვინც არის ან იქნება სანქცირებული, ესეთი ტიპის დაკავშირება არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია.
არც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის ქმედებაზე. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, თვითონ იმ ქვეყნებში, ვისაც სანქციები აქვს დაწესებული. მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ძალიან ბევრი მოქალაქე არის სანქცირებული ამა თუ იმ იურისდიქციის მიერ. ეს იქნება თვითონ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ სხვა ქვეყანა.
ბუნებრივია, ამ ნაწილში სახელმწიფო პასუხს ვერ გასცემს ყველა იმ პირის ქმედებაზე, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქე იყოს," - ამბობს ლაშა ხუციშვილი.