აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება ოპოზიციაში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ სანქცირებულ პირთა წრე გაიზარდოს. ხატია დეკანოიძე ასევე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადებას, რომლის თანახმადაც საკითხის მოკვლევა დაიწყო.
"სუს-ის განცხადება, რომელიც გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა, ის კი არა, რომ საქართველოს უმაღლესი ეშელონის წარმომადგენელი იყო, გენერალური პროკურორი იყო, "ეფესბეს", ონიშენკოს უშუალო აგენტი იყო, ადამიანი, რომელიც დასანქცირდა გავლენების მოხდენის გამო, ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება, სუს-იც და ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის ახლა აღშფოთებული, არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თუნდაც საქმე აღიძრას, თუნდაც პასუხისგებაში მიეცეს ოთარ ფარცხალაძე, არის რუსეთის გავლენის აგენტი. ფარცხალაძე არ არის ბოლო ადამიანი, რომელიც დასანქცირდება უმაღლესი ეშელონებიდან და წრეებიდან. ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილის ახლო პირები მოყვებიან საერთაშორისო სანქციებში," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას აფასებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია.
"პირველი ქართველი გვყავს ჩვენ, აწ უკვე რუსეთის მოქალაქე და ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც ამხილეს რუსეთის "ეფესბეს" ჯაშუშობაში და ეს არის კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხედავთ, როგორ არის რუსული გავლენები საქართველოში გაზრდილი. ვფიქრობ, ეს არის გაფრთხილება "ქართული ოცნების", რომ ამ ჯაჭვში, რომელიც სავარაუდოდ უკვე აქვს შეერთებულ შტატებს, ძალიან ბევრი დამატებით "ქართული ოცნების" მოქმედი პირი იქნება შეყვანილი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.