იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო აგრძელებს ინოვაციურ, მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას – რატი ბრეგაძემ გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის რიგით მესამე ფილიალი გახსნა.
უწყების ცნობით, იუსტიციის სახლები პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტ სერვისზე. ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება.
მათივე ინფორმაციით, დღესვე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გლდანის ციხეში ახალი სამზარეულო სივრცეც გაიხსნა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საკვების უსაფრთხოების ხარისხს. სამზარეულო 3000 ბრალდებულს/მსჯავრდადებულს მოემსახურება. 8 სახის მენიუ სხვადასხვა დაავადების მქონე პატიმრებზეცაა გათვლილი და მათი ჯანმრთელობის საჭიროებებზე სრულად არის მორგებული. სივრცეში 17 მსჯავრდადებულია დასაქმებული, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.
გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლისა და სამზარეულო სივრცის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.