"ლელოს" დაანონსებული ალტერნატიული მესამე ცენტრის კონტურები უკვე გამოკვეთილია. პარტია, რომლისთვისაც წითელი ხაზი "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებაა, საკუთარ გუნდში ”დროას”, ზურაბ ჯაფარიძის "გირჩს", ნიკა გვარამიას, ანა დოლიძეს, ნინო ლომჯარიას და სალომე ზურაბიშვილსაც კი ეპატიჟება. კონსულტაციებისთვის პარტია უკვე მზად არის, თუმცა, კონკრეტულად ვის ვიხილავთ ამ ერთობაში ჯერ კიდევ გაურკვეველია.
"ლელოსთვის" წითელი ხაზები არამარტო პარტიებთან მიმართებით, არამედ კონკრეტული ინდივიდების ნაწილშიც არსებობს. ალტერნატიულ ცენტრში მათი თქმით, ვერ იქნებიან ისეთი პირები, ვისაც კავშირი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან ჰქონდა.
"ლელოს" სურვილს იყოს მესამე ძალა, არასერიოზულსა და უპერსპექტივოს უწოდებს "ქართული ოცნება". სახელისუფლებო გუნდში იმასაც ამბობენ, რომ პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” გავლენისგან, მცდელობის მიუხედავად ვერ გათავისუფლდება, რადგან არჩევნებისთვის მათ თანამშრომლობა სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებთან სურთ.
ვინ შეუერთდება "ლელოს" ალტერნატიულ ცენტრს, ჯერ უცნობია. თავად ის პარტიები, ვისთან თანამშრომლობაც ხაზარაძის გუნდს სურს, კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა წინასწარ რაიმე კონკრეტულზე საუბარი უჭირთ. "ნაციონალური მოძრაობა", რომელთან მუშაობასაც "ლელო" გამორიცხავს, მიიჩნევს, რომ ყველა პარტიას, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, მაინც მათთან მოუწევთ პარტნიორობა. სხვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები კი ერთობას მიესალმებიან, თუმცა, "ლელოსთან" თანამშრომლობას ჯერ არ განიხილავენ.
ოპოზიციის ერთობას რომ გამარჯვების რესურსი არ აქვს - ამაზე დღეს აქცენტი გააკეთა სახელისუფლებო გუნდმა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ლელო", "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებლად ბრძოლას ვერ შეძლებს, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ პარტიის ხედვებს იზიარებს.
რა კონფიგურაციით იბრძოლებს ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანებას შორის მოუწევს.