15 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის პირობის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა უკვე დამტკიცებულია - საპარლამენტო უმრავლესობაში ბრიუსელის სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ

დეოლიგარქიზაციის პირობის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა უკვე დამტკიცებულია. ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 7 სხვადასხვა მიმართულებას ეხება, ე.წ. სისტემურ მიდგომას ეფუძნება. პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხელისუფლება სხვა პუნქტებზეც მუშაობს - განმარტავს მთავრობის მეთაური. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა მაქსიმუმს თვის ბოლომდე გააკეთებს და არ დატოვებს მიზეზს, ქვეყანას სტატუსზე უარი უთხრან.

მთავრობასთან ერთად, მთავარი გადაწყვეტილების მოლოდინშია პარლამენტიც, სადაც ევროკომისიის პირობების შესრულების ფინალური ეტაპი დგება. საკანონმდებლო ორგანოს ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, მალე ჩაბარდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ დოკუმენტი პარტნიორებისთვის მისაღები იქნება.

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებას ცდილობს,მეორე ნაწილი კი, მომავალს სკეპტიკურად უყურებს. არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, თუმცა დამატებითი პირობებით.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საქართველო სტატუსს ახლაც ობიექტურად იმსახურებს და იმსახურებდა შარშანაც. საპარლამენტო უმრავლესობაში ბრიუსელის სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ.

როგორია მოსახლეობის განწყობა?! - ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ, დღეს, საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველოში გამოკითხულთა 84%-ი თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. მოქალაქეთა 74%-მა თქვა, რომ რეფერენდუმი ჩატარების შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა.

დღის ამბები