პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვებს იწყებს. "ქართული ოცნების" მიერ დარეგისტრირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, ხვალ საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებზე იმსჯელებენ. საუბარია, ცესკოს დაკომპლექტების წესზე. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად საჭიროა 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ კვორუმი ვერ შედგება, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება. თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, ამ შემთხვევაში საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა.
საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დარეგისტრირებული ინიციატივა არადემოკრატიულია. "სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მმართველ გუნდს ამ საკანონმდებლო პაკეტით შანსი ეძლევა ერთპარტიულად აირჩიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
""ქართულ ოცნებას" უკან მიაქვს მიღებული ცვლილებები, რომელიც დემოკრატიის მიღწევად იყო გამოცხადებული, სადაც მხარეები ერთმანეთთან ჩართულობით არჩევდნენ მიუკერძოებელ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს. "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ეს წესი არ მომწონს და "ქართულ ოცნებას" შანსი ეძლევა ერთპარტიულად აირჩიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ფარსი არის გათამაშებული დემოკრატიის სახელით, და, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას ვერ მივიღებთ," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.